„ღვინის ხალხი“

„ღვინის ხალხი“

 

 

“Teliani Collection”  „თელიანი ველის“ ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ იშვიათი და რჩეული ღვინოები ერთი ბრენდის – „ღვინის ხალხის“ – ქვეშ გააერთიანა და ბოლნურ ღვინოებს მოუყარა თავი.

"ღვინის ხალხის" თითოეულ მეღვინეს გამორჩეული ისტორია აქვს და ეს ამბებიც ბოთლის ეტიკეტზეა გადმოტანილი, პირველი კოლექცია 10 ბოლნური ღვინისგან შედგება, ჩამონათვალი კი ასეთია:

ალიოშა კაპანაძის 2017 და 2018 წლის მოსავლის „რქაწითელი“ - პროფესიით ინჟინერისთვის, ღვინის დამზადება ოჯახის ტრადიციაა, რომელსაც იგი შვილებთან ერთად აგრძელებს.

ნიკა ჩოჩიშვილის „ჩინებული“ - პროფესიით სამხედრო ლოჯისტმა, ღვინის დაყენება მეგობართან, გიორგი ჩერქეზიშვილთან ერთად დაიწყო და საკუთარი ვენახებიც გააშენეს.

ლევან ბანძელაძის „რქაწითელი“ და „ასურეთული შალა“ – 37 წლის აუდიტმა, ღვინის დამზადება 18 წლის ასაკში დაიწყო და დროთა განმავლობაში გატაცება პროფესიად აქცია.

ავთანდილ უგრეხელიძის „რქაწითელი“ - 35 წლის ექიმი, მეღვინეების ოჯახიდანაა, 2015 წლიდან დაიწყო ქვევრის ღვინის დაყენება და იშვიათი ჯიშის ყურძნის ვენახების გაშენება.

გოჩა ლიპარტელიანის „ასურეთული შავი“ - გოჩა პროფესიით ეკონომისტია, ღვინოს საკუთარ ვენახში მოწეული ყურძნისგან ამზადებს, რომელიც ბოლნისის სოფელ კიანეთში აქვს გაშენებული.

ვახტანგ ჩაგელიშვილის „თავკვერი“ - 38 წლის ინჟინერ-ეკოლოგისტი ოჯახის ტრადიციას აგრძელებს და ტრადიციულ მეთოდით ღვინოს ქვევრში ამზადებს.

გია დევნოზაშვილის „საფერავი“ - პროფესიით იურისტია, ღვინოს საკუთარ 14 ქვევრიან მარანში აყენებს და ოჯახთან ერთად ზრუნავს მეღვინეობის ზრდასა და განვითარებაზე.

მამა მაკარის „საფერავი“ - სამონასტრო მსახურებასთან ერთად 30 წლის მამა მაკარი, ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ამზადებს და ქართული იშვიათი ყურძნის ჯიშები მოყავს.

ღვინის შეძენა მომხმარებელს მომავალი კვირიდან ღვინის მაღაზიებში შეეძლებათ.